logo
ENG



ხოშტარია: ჩვენი ინფორმაციით, ბათუმში შემოვიდა ტანკერი "როსნეფტის" სანქცირებული ტვირთით

31 აგვ 202218:21
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბათუმში შემოვიდა ნავთობის ტანკერი "ATACAMA​", რომელზეც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია როსნეფტის სანქცირებული ტვირთი - მაზუთი იყო. 

ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა, რასაც ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა

უწყებამ განაცხადა, რომ სანქცირებული გემი ან ტვირთი საქართველოს ნავსადგურებში დღემდე არ შემოსულა, ხოლო ATACAMA ან მისი მფლობელი სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში არ იძებნება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თქმით, გემი სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ ცურავდა და ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან 29 აგვისტოს დადგა. გურამიშვილის თქმით, გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო და გემს სატვირთო ოპერაციები არ განუხორციელებია.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. 

მისი თქმით, გემი რუსული ქალაქიდან, ტუაპსედან წამოვიდა, რაც ბათუმიდან 340 კილომეტრშია, შესაბამისად, შეუძლებელია, იქიდან გამოსული გემი წყლის ასაღებად ბათუმში ჩერდებოდეს

ასევე, ხოშტარიას აქვს კითხვა - რატომ არ ასახელებს ეკონომიკის სამინისტრო, რა ტვირთი იყო განთავსებული ტანკერზე. 

"თუ არაფერია დასამალი, თუ არაფერია პრობლემა, რატომ არ ამბობთ, რა ტვირთთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ტანკერზე. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული როსნეფტის სანქცირებული ტვირთი - მაზუთი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ მოგვისმენია. 

მესამე - არსებობს აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც დეტალურად აღწერს, რა ხარისხის გამჭვირვალობა უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვისას, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, რომ ვიცოდეთ, რომ ტვირთი არ არის სანქცირებული". - თქვა დროას ლიდერმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ დროას მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლებას არ მიუღია არც ერთი დადგენილება იმისთვის, რომ მოქალაქეები რეგულარულ რეჟიმში იგებდნენ, რა ტვირთი შემოდის საქართველოში. 

ხოშტარიასთვის დამატებით ეჭვს აჩენს კიდევ ერთი გარემოება:

"გემი შემოვიდა ისე, რომ მას გათიშული ჰქონდა საიდენტიფიკაციო სისტემა, რაც აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის შეფასებით, არის სანქცირებული ტვირთის ჩამოყალიბებული პრაქტიკა. როცა გათიშვა ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ გემი ცდილობს, თავი აარიდოს კონტროლს და ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სანქცირებული ტვირთი. ეკონომიკის სამინისტროს ამაზეც არაფერი უთქვამს". - განაცხადა მან. 


close დახურვა